საფრანგეთის ქალაქ ნარბონში 17 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი დააკავეს.
სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადგილობრივი პროკურორის, ჟან-ფილიპ რეის განცხადებით, თავდამსხმელებმა დანაშაული წინასწარ დაგეგმეს: მსხვერპლი მოატყუეს, მიტოვებულ სამშენებლო მოედანზე გაიტყუეს და იქ სასტიკად გაუსწორდნენ. დაღუპული მოზარდი, რომელიც ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში ირიცხებოდა, შაბათს დილით უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას სახესა და თავზე მრავლობითი მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. იგი სამშაბათს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საგულისხმოა, რომ ბავშვის გარდაცვალების შესახებ პროკურატურისთვის ცნობილი ზუსტად იმ დროს გახდა, როდესაც დაკავებულებს ბრალს მკვლელობის მცდელობის მუხლით უყენებდნენ. ბრალდებულები სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოებით იპოვეს. პოლიციამ ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს მათ იდენტიფიცირებაში სწორედ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრები დაეხმარა, სადაც თავად თავდამსხმელები ასახავდნენ მოზარდზე ძალადობას.
მომხდარს საფრანგეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ფაქტს სოციალურ ქსელ X-ში პოლიტიკოსი მარინ ლე პენიც გამოეხმაურა: 17 წლის ლუისის ტრაგედია, რომელიც ნარბონში ჯგუფურად, სასტიკად აწამეს, უდიდეს ბრაზს იწვევს. ეს არის ყოველდღიური ბარბაროსობა, რომლის მიჩქმალვა ან უბრალო შემთხვევად გასაღება უკვე შეუძლებელია“.




