გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების  ფაქტები გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მოქალაქეებს, მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული, დაახლოებით, 7კუბურ მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) გადაჰქონდათ. ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში სპეციალური სამალავი ჰქონდათ მოწყობილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

„გამკაცრებული კონტროლის გამო, ბრაკონიერები სამართალდარღვევის სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ და ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბენზინმზიდის, სამარშრუტო მიკროავტობუსის საშუალებით, შენიღბულად განახორციელონ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება.  მიუხედავად ამისა, დეპარტამენტის მიერ არაერთი ფაქტია გამოვლენილი და აღკვეთილი. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, 2025 წელს დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 300-მდე ფაქტი გამოავლინა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაიამ.