მინისტრი მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო. მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები მან კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად განიხილა.
„მადლობას გადავუხდი რაჭას და ონელებს იმ უმნიშვნელოვანესი საგანძურის შენარჩუნებისთვის, რომელიც დღეს ონის მუზეუმშია დაცული. აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის არაერთი გამორჩეული ნიმუში.
ონის ახალი მუზეუმის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შენობა უკვე გადაეცა ეროვნულ მუზეუმს და ამ ეტაპზე კოლექციების გადატანა, ექსპონატების განთავსება და ახალი საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამ მუზეუმის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. მალე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს უნიკალური ექსპონატები, რომლებიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მდიდარ ისტორიასა და კულტურულ პოტენციალს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აშენებული რაჭის მუზეუმის ახალი შენობა 2025 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში გაერთიანდა. ამჟამად ფონდების სისტემატიზაციისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ახალ სივრცეში გადატანის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტთა ჩართულობით, ადგილობრივი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე ჩაუტარდა აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოები. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია ონის მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძეა.
რაჭის მუზეუმში თანამედროვე სტანდარტების საკონსერვაციო-სარესტავრაციო ლაბორატორია, საგანმანათლებლო სივრცეები, ფონდსაცავები და სხვა, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კვლევასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.




