საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის პირველი, ორენოვანი ნომერი წარუდგინა და გამოცემის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელმძღვანელი, რუსუდან ჭუმბურიძე, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ეს ჟურნალი განსაკუთრებულია როგორც შინაარსით, ისე შესრულების მაღალი ხარისხით. მნიშვნელოვანია, რომ ის აერთიანებს საქართველოს სახელოვნებო სივრცეს, კრიტიკას, ჟურნალისტიკასა და თანამედროვე კულტურულ პროცესებს. დარწმუნებული ვარ, ჟურნალის გვერდებზე არაერთ საინტერესო ავტორსა და მასალას გავეცნობით. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ დღეს, ციფრულ ეპოქაში, ასეთი მაღალი სტანდარტის ბეჭდური მედია იქმნება და ვითარდება. ვულოცავ მთელ შემოქმედებით გუნდს და წარმატებას ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ჟურნალი „შემოქმედებითი საქართველო“ ქვეყნის კულტურული ცხოვრების ყველა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის მიმდინარე კულტურულ მოვლენებს, ღონისძიებებს, კულტურულ მემკვიდრეობას, თეატრალურ, საბალეტო და ლიტერატურულ პროცესებს. აღნიშნული მიმართულებები სხვადასხვა რუბრიკით იქნება წარმოდგენილი, იქნება ეს პროფილები, ინტერვიუები, რეპორტაჟები, რეცენზიები, მიმოხილვები, სპეცპროექტები, თუ ფოტორეპორტაჟები.
ჟურნალის ავტორები ცნობილი პუბლიცისტები, ლიტერატორები, მიმომხილველები, კრიტიკოსები, ფოტოგრაფები, ხელოვნებათმცოდნეები და დარგის სპეციალისტები არიან. ჟურნალის აუდიტორია აერთიანებს როგორც ქართველ და უცხოელ კულტურისა და ხელოვნების მკვლევრებს, ასევე კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულ ქართველ და საერთაშორისო მკითხველს.
პროექტის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილია, პროექტის კოორდინატორი და შემოქმედებითი დირექტორი - თეა სხიერელი, რედაქტორი - ნინია სადღობელაშვილი, დიზაინერი - ნინო ყაველაშვილი, მთარგმნელი - ზაზა ჭილაძე.
ჟურნალი კვარტალურად გამოიცემა. - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.




