დაცული ტერიტორიების სააგენტო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. აღნიშნულის ფარგლებში, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, სათაფლიასა და ნავენახევის მღვიმის მიმდებარედ, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ტარდება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ნავენახევის მღვიმეში განახლდება საფეხმავლო ბილიკები, ეკოსაგანმანათლებლო სივრცისთვის განკუთვნილი ამფითეატრის შენობა და ვიზიტორთა ღია მოსაცდელი. პარალელურად, სათაფლიას ტერიტორიაზე მიმდინარეობს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. აღნიშნული ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას და ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას.
ნავენახევის მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და იმერეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მღვიმე გამოირჩევა უნიკალური კარსტული ფორმებით, სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ტურისტებში, ისე ბუნების მოყვარულებში.
აღსანიშნავია, რომ 1 აპრილიდან ნავენახევის მღვიმე ჩაერთვება “ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამაში”, რაც ბარათის მფლობელებს ვიზიტისას დამატებითი ფასდაკლებებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.




