საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„თავისთავად ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროდ, იმედები, რაც საერთაშორისო სამართლის, წესებზე დაფუძნებული სამართლის, საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის ჰქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად, მაგრამ, მეორე მხრივ, თავად ინდივიდუალურად სახელწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.




