„ძალიან მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ ხმებს, კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასმულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ყველა არიან მისი სულიერი შვილები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ წლების წინ გამორჩეული იყო მეუფე შიო. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"მე მგონი, ყველამ პატივი უნდა სცეს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული. ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს-პატრიარქმა. ეს არის ყველას მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა, მრევლისა და საზოგადოების მოლოდინი ეკლესიის, სინოდის მიმართ. მე ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა.
ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, ეპარქიის სულიერი წინამძღვრობა, სჭირდება პასუხისმგებლობით ტარება, მით უფრო, როცა ყველა წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის ხელდასმული. ვისმენთ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება პოლიტიკის სფეროში ჩვეულებად ქცეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ხელისუფლება, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მორიდებული ვიყოთ ჩვენს კომენტარებში, შესაძლებლობა მივცეთ სინოდს, ღირსეულად გაუძღვეს ამ პროცესს და გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




