აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადებით, ამერიკამ რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა
სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ომის დროს „გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას“ ისახავს მიზნად. ავტორიზაცია 11 აპრილამდე გაგრძელდება.
„ეს ვიწროდ მორგებული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, - თქვა ბესენტმა.
ხუთშაბათს ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, ხოლო საფონდო ბირჟები დაეცა მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურეში კიდევ სამ სატვირთო გემზე მოხდა თავდასხმა. ხოლო ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ გააგრძელებდა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას - საკვანძო საზღვაო მარშრუტს, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის.
ბესენტმა დასძინა: „ნავთობის ფასების დროებითი ზრდა მოკლევადიანი და დროებითია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერს და ეკონომიკას“.
ადრე ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დაიწყებს გემების ესკორტს ჰორმუზის სრუტეში, „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება“.
სამხედრო ესკორტის შესაძლო საჭიროება „ყოველთვის იყო ჩვენი დაგეგმვის ნაწილი“, განუცხადა მან Sky News-ს.
როდესაც ბესენტს დაუსვეს კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ამის დაწყება უახლოეს დღეებში, მან განაცხადა, რომ „როგორც კი შესაძლებელი იქნება უსაფრთხო გადასვლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ამას გავაკეთებთ“. - წერს ბიბისი




