საკონკურსო პროცესში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს იქნება ცხელი ხაზის მეშვეობით თუ წერილობით, სრულყოფილად დავეხმაროთ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ, რომ გვქონდეს უფრო მეტი საკონსულტაციო და სამენტორო საშუალებები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გარკვეულ მიმართულებებს მივცემთ და უშუალოდ დავეხმარებით,  რომ ხარისხიანი  და სრულყოფილი პროექტები წარმოუდგინონ სააგენტოს,  იმისათვის, რომ დადებითი შეფასება მიიღონ საბჭოსგან და სახელმწიფო გრანტი მოიპოვონ. ჩვენ თავად ვართ დაინტერესებული, რომ ეს ციფრი გაიზარდოს და მეტი კარგი სახელმწიფოებრივი საქმე გაკეთდეს სახელმწიფო გრანტის მიღების საფუძველზე, - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. 

ზოდელავას თქმით, საპროექტო წინადადების სრულყოფისათვის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც დამტკიცებულია დანართების სახით და შეეცადონ მაქსიმალურად ზუსტად გადმოსცენ მიზნები, განხორციელების გზები და როგორ ხედავენ ამ პროექტის შედეგს, რადგან ხშირად ეს ბუნდოვანებას იწვევდა და ბუნებრივია საბჭოს უჭირდა დადებითი გადაწყვეტილების მიღება. 

„მცირე საგრანტო კონკურსში ერთ-ერთი პირობა იყო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სანამ განაცხადების მიღება დასრულდებოდა თავადვე გამოესწორებინათ ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული პირობა მათთვის ცნობილი იყო, რადგან ეს არის საკონკურსო პირობა, განმცხადებლის უფლებები და ეს იყო გასაჯაროებული. ასევე, როდესაც ისინი გზავნიდნენ განაცხადს, მათ  მისდიოდათ ავტომატური შეტყობინება, რომ სანამ დასრულდებოდა განაცხადების მიღება, ესარგებლათ ამ უფლებით და თუ აღმოაჩენდნენ, რომ რაღაცის დაზუსტება სურთ ან შეიძლება დანაკლისი არის დოკუმენტის, თავად წარედგინათ სააგენტოსთვის და სააგენტო ცხადია მას მიიღებდა მხედველობაში და უკვე სრულყოფილ დოკუმენტაციას ფორმალურად შეამოწმებდა, როდესაც განაცხადების მიღების ვადა იქნებოდა დასრულებული“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ. 

როგორც მან აღნიშნა, გამარჯვებული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, ხოლო მათ, ვინც მცირე საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან სააგენტოს ინტერესია შემდეგ კონკურსებში ხარისხობრივად კარგი პროექტების მიღება. 

„გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. რა კრიტერიუმებზე დაფუძნებით იმსჯელებდა და გამოვლინდებოდა გამარჯვებული თავიდანვე ცნობილი იყო საზოგადოებისთვის და პირველ რიგში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც განზრახვა ჰქონდათ და შემდეგ უკვე მონაწილეობა მიიღეს კონკურსში. ჩვენ გავასაჯაროვეთ პირველ რიგში გამარჯვებული ორგანიზაციები, ის პროექტები, რომლებზეც მოიპოვეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო გრანტი. მათ, ვინც მცირე საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, ეცნობათ აღნიშნულის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ მომართონ სააგენტოს და სააგენტო უზრუნველყოფს სრულყოფილად მათ ინფორმირებას, რადგან ჩვენი ინტერესია, რომ ძალიან კვალიფიციური, ხარისხობრივად კარგი პროექტები შემოვიდეს, იყოს სრულყოფილი, მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი და საზოგადოებრივ საქმეში წვლილი შეიტანოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების საფუძველზე“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.