თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი მიმდინარეობს, რომელშიც 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტია ჩართული.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიური სახე მიიღო. ფესტივალი ხორციელდება კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით და მასში ჩართულია 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი. ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, წელს პირველად, 14 ივნისს განხორციელდება გარბენი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, სპორტსმენებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

მერის ინფორმაციით, გარბენი  ვაკის პარკიდან დაიწყება და  თავისუფლების მოედანზე დასრულდება. როგორც მან აღნიშნა, ის თავადაც მზადაა, გარბენში მონაწილოება მიიღოს. კახა კალაძემ აღნიშნულ აქტივობაში ჩართვისკენ თანამშრომლებსაც მოუწოდა.

მისივე თქმით, გარბენის მონაწილეები 10:00 საათიდან შეიკრიბებიან, ხოლო უშუალოდ აქტივობა 11:00 საათზე დაიწყება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს და ფეხბურთს მივუძღვენი და ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო სწორად, სპორტულად. მე დღესაც ვაგრძელებ ამ ტიპის ცხოვრებას, ყოველდღიურად ჩართული ვარ ვარჯიშში. ასე რომ, გელოდებით კვირას, 10:00 საათზე, ვაკის პარკთან, ჩავერთოთ აღნიშნულ აქტივობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.