"დინამო თბილისმა" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელი რანგში უცხოურ გუნდებში ახალი მუშაობდა, მთავარ მწვრთნელად წარადგინა.
"დინამო თბილისმა" საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.
„მადლობა ნდობისთვის. მომეცა შესაძლებლობა, ვიმუშაო იმ გუნდში, სადაც დიდხანს ვითამაშე და ახლა, წლების შემდეგ, მწვრთნელად დავბრუნდი. „დინამო“ საქართველოში პირველი გუნდია და უნდა გავაკეთოთ ის, რაც ამ კლუბს შეეფერება.
„დინამო“ ყოველთვის იყო და იქნება პირველი გუნდი – ყველა ბავშვი ამ კლუბში მოხვედრაზე ოცნებობს და ყველა რესურსი გააჩნია, რომ იყოს საუკეთესო, თუმცა ამისთვის დროა საჭირო. აქ ბევრი ახალგაზრდა თამაშობს. გუნდს გამოცდილება სჭირდება, ფეხბურთელები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარებიან დიდი მიზნების მიღწევაში და ევროტურნირებზე წარმატებაში. სამწუხაროდ, ჯერ ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. იმედია, დადგება დრო, როცა „დინამო“ ამისთვის იბრძოლებს.
ეს ჩემი გუნდია, აქ გავიზარდე და ყველაფერს გავაკეთებ, როგორც მწვრთნელი, რომ „დინამომ“ დაიბრუნოს ძველი სახელი. რის შეცვლას ვაპირებ? გვინდა, ვითარება გამოვასწოროთ. საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელების დამატება. პრეზიდენტისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ გავძლიერდეთ. სამწუხაროა, რომ „დინამო“ ერთ-ერთ ულამაზეს სტადიონზე თამაშობს და ტრიბუნები ცარიელია – ეს არავისთვისაა კარგი.
ოქრიაშვილს თუ დავიმატებთ? ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც დაუყოვნებლივ შეძლებენ თამაშს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიმატოთ მოთამაშეები, რომლებიც გუნდსაც დაეხმარებიან და ახალგაზრდების განვითარებასაც შეუწყობენ ხელს. ყველა ფეხბურთელი ჩემი თანხმობით მოვა. მინდა ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც კარგად ვიცნობ და „დინამოს“ დაეხმარებიან“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.




