კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრის წარმატებული გასტროლები

თუმცა სააღდგომო ზარების ხმა შეწყდა, მაგრამ ამ უდიდესი დღესასწაულის მადლი და განახლების განცდა დროს არ ექვემდებარება. სწორედ ამ მარადიული სიხარულის ექოა ის სათქმელიც, რომლის გაზიარებაც ახლა, მცირე დაგვიანებით, კიდევ უფრო მეტ დაფიქრებას გვთავაზობს.

 31 მარტს სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრის დასს. დედაქალაქელი მაყურებლის წინაშე ყვარლის სახალხო თეატრი წარდგა სპექტაკლით „ლაზარეს აღდგინება“.


საღამომ სრული  ანშლაგით ჩაიარა. დარბაზში სუფევდა განსაკუთრებული შინაგანი მუხტი, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხანგრძლივ ოვაციებში გადაიზარდა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი წარმოდგენა __ ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, რომელმაც დაამტკიცა, რომ კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრი ქართული კულტურის ცოცხალი და ძლიერი არტერიაა.

  განსაკუთრებული აღნიშვნისა და მადლობის ღირსია სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, რომელმაც შეძლო ორიგინალური ხედვისა და პროფესიონალიზმის სინთეზით შეექმნა მაღალმხატვრული თეატრალური წარმოდგენა.

 პიესის ავტორის გოჩა კოლხის მიერ შექმნილმა დრამატურგიამ კი პირველსავე წუთებიდანვე ჩაითრია მაყურებელი სათქმელის სიღრმეებში.

 სცენაზე გაცოცხლებული პერსონაჟები ჩვენი მსახიობების ოსტატობის დამსახურებაა. მათმა გულწრფელმა თამაშმა და ენერგიამ გულგრილი არავინ დატოვა.

  აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ დასის ყველა წევრი არაპროფესიონალი მსახიობია. მათთვის სცენა არა მხოლოდ პროფესიაა, არამედ დიდი სიყვარული და შინაგანი მოწოდება. სწორედ ხელოვნებისადმი ამ ერთგულებამ და ენთუზიაზმმა მისცა სპექტაკლს ის განსაკუთრებული ელფერი, რამაც თბილისელი მაყურებლის გულები ასე დაიპყრო. ეს იყო მაგალითი იმისა, რომ როდესაც საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებ, პროფესიონალიზმი თავისთავად იბადება.

  სპექტაკლის წარმატება იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც ყოველდღიური საქმიანობის მიღმა დრო და ენერგია თეატრალურ ხელოვნებას დაუთმეს:
__დაჩი დავითაშვილი
__ მაია მამულაშვილი
__ ფერლანდი მზექალაშვილი
__ გოგა სოლომნიშვილი
__ იოანე ქართველი
__ მამუკა ყეინოშვილი
__ ნინო ჩიხიაშვილი
__ ცოტნე ხვთისიაშვილი

  მათმა ემოციამ და სცენურმა მრავალფეროვნებამ მაყურებელს დაანახვა, რომ ხელოვნება საზღვრებს არ ცნობს და ის ყველგანაა, სადაც ნიჭი და მონდომება ერთიანდება.

მადლობა თეატრის ტექნიკურ პერსონალს, რომლებიც სცენის მიღმა ეხმარებოდნენ მსახიობებს.
მადლიერებას გამოვხატავთ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის სამსახურის და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელების მიმართ, რომელთა მხარდაჭრითაც ეს გასტროლები რეალობად იქცა. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დიდ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
  ცალკე აღნიშვნას და მადლობას იმსახურებს სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობა და მთელი კოლექტივი.  მათი თბილი და პროფესიონალური დახვედრა, ტექნიკური მხარდაჭერა და სტუმართმოყვარეობა გახდა იმის გარანტი, რომ ყვარლის თეატრის დასმა თავი საკუთარ სახლში იგრძნო. მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
 საგანგებოდ ხაზგასასმელია სამეგრელოს გულში, ქალაქ ზუგდიდში კახური მუხტის შედეგი. ამჯერად კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრის შემოქმედებითი დასი გასტროლებით სამეგრელოს ესტუმრა და კიდევ ერთი წარმატებული ფურცელი ჩაწერა თავის ისტორიაში.
 29 და 30 აპრილს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულმა სპექტაკლებმა („ლაზარეს აღდგინება“ და ვასილ ნოკოლაძის ვოდევილი  „როცა იხსნება თეატრის ფარდა“) ადგილობრივი მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. გასტროლების ფარგლებში წარმოდგენილმა დადგმებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელოვნება საუკეთესო ხიდია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შორის ურთიერთობისთვის.
 მადლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის სამსახურის მესვეურებს, ზუგდიდელ მაყურებელს, ასეთი თბილი მიღებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შეხვედრები ტრადიციულ სახეს მიიღებს.
  ყვარლელი მსახიობების წარმატება თბილისსა და ზუგდიდში ყველა ადამიანისათვის სასიამოვნო ფაქტია. ჩვენ კი, ყვარლის სახალხო თეატრს ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებულ პრემიერას, შემოქმედებით წინსვლასა და მუდამ სავსე დარბაზებს. გვჯერა ეს გასტროლები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელიც ჩვენს ნიჭიერ ხელოვანებს წინ ელით.

 ტაში ამით არ წყდება _ წინ ახალი მწვერვალებია!
 ჩვენთან არს ღმერთი! - ოთარ დავითაშვილი, ფაზისის აკადემიის კახეთის
რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი.