„იდეოლოგიური გაყოფებით „გირჩი“ იყო რაღაც ასეთი პროექტი, რომელსაც მკაფიო იდეოლოგიური ხაზი ჰქონდა, ისე კი ძალიან იშვიათია და ყველა იცვლის ამ იდეოლოგიას, განსაკუთრებით ოპოზიცია. მათ შორის, ხელისუფლებაც, რომელიც ბევრად მემარცხენე იდეით იყო, როცა მოვიდა, დღეს კი ბევრად უფრო კონსერვატიულია, ვიდრე აქამდე ყოფილა.  – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

"ოპოზიციაში თუ რამე გაერთიანება კეთდება, მოქალაქეს სულ ჰპირდები, რომ სხვადასხვა ხედვა კი გვაქვს, მაგრამ ახლა ვერთიანდებით მხოლოდ იმიტომ, რომ შევცვალოთ სტატუს-კვო. მეც, მათ შორის, როცა გაერთიანებაში ვიყავი, ჩემთვისაც არგუმენტი იყო, რომ სტატუსკვოს ცვლილება მინდა და შევეშვი იმ პოლიტიკას, რასაც ვაკეთებდი. ყველაფერში შედიხარ, ეს არის გემბლერული დამოკიდებულება, ძალიან დიდი რისკია მაქსიმუმი რომ მოიგო და დიდ რისკს ახლავს დაბალი ალბათობა, რომ მოიგებ. მერე როცა ვერ იგებ, დგება კრიზისი და ამ კრიზისის დროს  დამოუკიდებლად გადარჩე, უფრო მეტად მოქნილი ხარ, ვიდრე რაღაც მთლიანი, რაც დამარცხებულია და მერე დაშლა ხდება ხოლმე. განცდა თუ არის, რომ არჩევნები იქნება, რაღაცები იკვრება და განცდა თუ არის, რომ არჩევნები არ იქნება, რაღაცები იშლება. თუ იყო განცდა, რომ შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს, მაგის გამო კეთდება ყველანაირი ტიპის კოალიცია, თუ რაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად ხდება შეცდომების გააზრება იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ბოლო პერიოდში უკვე აღიარეს, რომ თავის დროზე მანდატებზე უარის თქმა იყო შეცდომა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ აღიარა.

„არ ვიცი, ვინ აღიარა. მე ასეთს ბევრს არ ვიცნობ, ვინც ასეთი რამ აღიარა. აღიარებები ხდება ხოლმე კამერების უკან, არასაჯაროდ, საჯაროდ ამის აღიარებები იშვიათად ხდება ხოლმე“, – აღნიშნა კობერიძემ.

მისი თქმით, როდესაც ურთიერთბრალდებებია, მერე ვისზე რას ვიტყვი, მთავარი არ არის.

„შეიძლება, ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მოქალაქე აღარ გისმენს, მაგრამ ზურგის ტვინით მაინც ხვდებიან, ხომ რაღაც გულწრფელი მოტივაცია არ არის. ერთ-ერთი მოტივაცია, რაც შეიძლება იყოს გაერთიანებისთვის, კიდევ ვამბობ, ეს არის მოსალოდნელი არჩევნები, ჩემი აზრით კი, ახლა, უახლოეს პერიოდში ეს არ იგრძნობა, ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობერიძემ.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც მეტად ყველაზე იგრძნო, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც პოტენციალი აქვს, რაღაც ხმები აიღოს, არის მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ დაიწყო თავისი „ჩემი ოქრო ჩემთან“ პრინციპით მუშაობა.

„მეორე, ვინც ასევე პოტენციალს გრძნობს, ჩემი აზრით, ეს არის ნიკა მელია, გრძნობს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ძალა, რომ ბარიერის პრობლემა არ ჰქონდეს და ისიც ცდილობს. ამ ალიანსში ეს არის ორი მთავარი ფიგურა, რომელთაც აქვთ ელექტორალური წონა ან პოტენციალში ექნებათ, ამიტომ მათ შორის მიდის ახლა ამ რაღაცის გარკვევა, რისთვისაც ყველაზე კარგ დროს საუბრობენ ამაზე“, – განაცხადა კობერიძემ.