გამოფენაზე წარმოდგენილია გამოსაშვები ჯგუფის მოსწავლეთა როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული და შერეული ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები.
სამხატვრო სკოლის დირექტორმა - მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა აღნიშნა, რომ 2026 წლის გამოფენა, წინა წლებთან შედარებით, უფრო მრავალმხრივი, ღრმა და საინტერესოა.
2026 წლის გამოსაშვები ჯგუფის ხელმძღვანელი მხატვარი მეგი ტუსკაძეა. წელს 13-მა მოსწავლემ დაასრულა სამხატვრო სკოლის სრული კურსი.
გამოფენის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა სამხატვრო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადა სასკოლო საქმიანობაში გაწეული შრომისათვის.
გამოფენის გახსნაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ინგუშა აბესაძე, რომლის ინიციატივით 1988 წელს წყალტუბოში სამხატვრო სკოლა დაარსდა.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის" სამხატვრო სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მომავალ წელს ახალ, თანამედროვედ მოწყობილ შენობაში დაიდებს ბინას, რომლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.




