ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
კერძოდ, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა. გარდა ამისა, ამავე ქუჩაზე, რომლის სიგრძეც ერთი კილომეტრია და ფართობი 12 000 კვ. მ მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. კომპანია GWP-მ ტერიტორიაზე უკვე განაახლა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, ხოლო სკვერის ტერიტორიაზე ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟის სამუშაოები ხორციელდება.
გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდება ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის მოეწყობა ორი ფიტნეს ზონა, სადაც ტრენაჟორები და მაგიდის ჩოგბურთი დამონტაჟდება. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დაიგება ბალახი და დაირგვება მცენარეები.
სამუშაოების მიმდინარეობისას, იგეგმება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის მოწესრიგებაც.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი ადგილზე გაეცნენ.




