ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხე პატარებთან ერთად ქალაქის მერმა დავით კოდუამ აანთო:

"ძალიან ბედნიერი და სიხარულით სავსე დღე გვქონდა ჩვენს ქალაქში, ზუგდიდელ პატარებთან ერთად ავანთეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მინდა მივულოცო ჩემს ზუგდიდელებს, ყველას, თითოეულ მათგანს, ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ და ვუსურვო მათ ბედნიერი შობა-ახალი წელი. დარწმუნებული ვარ ეს ახალი წელი იქნება ამ ქალაქისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან ბევრი სიკეთისა და სიახლის მომტანი. თითოეულ ოჯახს უფრო მეტ განვითარებას, უფრო მეტ კეთილდღეობას და უფრო მეტ შესაძლებლობებს ვუსურვებ,“ - აღნიშნა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ. 

საზეიმო ღონისძიებაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ,,რიბი რაბო,“ სტუდია ,,რეტრო,“ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო-სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ბენდი ,,ბოლო ოთახი” და კვარტეტი ,,აკორდი” მონაწილეობდა. 

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მერის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის წევრი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.