ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას.

 „ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამ მასშტაბურ სპორტულ დღესასწაულს - საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. დღეს უკვე არაერთი გუნდი და სპორტული ორგანიზაცია ირჩევს საქართველოსა და აჭარას სპორტული შეკრებებისა და მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, ფესტივალი ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, მისცემს მათ შესაძლებლობას შეიძინონ ახალი მეგობრები, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტად ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

 საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან

აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

 ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ სპორტული გამოცდილება.