საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიამ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კომისიაზე ხელმეორედ დაიბარა.
"კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ.
მოსვლას არ ვაპირებ!
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე! "" - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, 2025 წლის 2 აპრილის , მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით: "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 25 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია.
ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.