"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართეს. მოძრაობის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ.
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის სახელით ჩვენ შევიტანეთ წერილი პრეზიდენტის სახელზე, რომლითაც კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენ დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ, მიუხედავად იმისა იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, იხელმძღვანელოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებებისა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია", - თქვა გიორგი ლომიძემ.