პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ივანიშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებენ.
უზომო ტკივილისა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.
მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის სულს. - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.




