„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის მიცემას ეხმაურება.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს რეალური გზა ევროპისკენ, ეს არის მიღწევაც, შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც.

 „ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. 

ვულოცავ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას ამ მიღწევისთვის. ასევე, ვუსამძიმრებ ქართულ ოპოზიციას მათი მიზნების მიუღწევლობას.

რეალური გზა ევროპისკენ, ეს არის მიღწევაც, შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც. ეს არის ილიას გზა, რომელიც თვისობრივად ქართული-ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გულისხმობს ეროვნული თვითმყოფადობით.

ოპოზიციას სურდა სტატუსი „მამულის, ენის და სარწმუნოების“ გარეშე, ჩვენ კი მივიღეთ სტატუსი მამულისთვის, ენის და სარწმუნოების შენარჩუნებით. ამ მოთხოვნებსაც შევასრულებთ ისე, რომ არ დავაზიანებთ იმ საუნჯეს, რაც წინაპრებმა სისხლით, რწმენით და განათლებით საუკუნეები ატარეს“, - წერს ჩიბურდანიძე.