„ჩვენ მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ვენეციის დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნა, ნაცვლად სამართლებრივი შენიშვნებისა, პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და განმარტება, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ცუდი. გვქონდა მოლოდინი, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ შესწორებები გაგვეკეთებინა. თუმცა,  მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით. ისინი სამართლებრივ მსჯელობაში არ შესულან. გვითხრეს, კანონი გაიწვიეთო. არადა კანონი არის გამჭვირვალობის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ამის დეკლარირება მოახდინონ და საზოგადოებას უთხრან, თუ რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები. წარმოუდგენელია, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა პოლიტიკური მესიჯები.

„ვენეციის კომისიას აზრს რომ ეკითხები, ეს ნორმალური პროცესია. ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი, შინაარსობრივი, კონკრეტული ფაქტები, თუ რატომ არის კარგი ან რატომ არის ცუდი. როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობს წარმოდგენილ დასკვნაში და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ „მესიჯებს“ შეიცავს, ძალიან მძიმეა.  მძიმეა ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოსვლები, იგივე პირდაპირი მოწოდებები კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ, უხეში ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ვინმეს კოლონიაა. ნუ ექნებათ ეს დამოკიდებულება.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. პატივს ვცემთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და არასდროს ვიკადრებთ, რომ რომელიმე მეგობარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩავერიოთ, განცხადებები და მოწოდებები ვაკეთოთ. საფრანგეთმა თუ მიიღო, აშშ-ში თუ მოქმედებს და სხვადასხვა ქვეყანაში, რატომ არ შეიძლება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს იგივე კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და დეკლარაციის წარდგენას ითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ქვეყანაში არიან წარმოდგენილი? ეს ხომ არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.