„უწმინდესმა და უნეტარესმა ეპოქა შექმნა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლითაც  კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთიანობა, ერის ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და ხანდაზმულები, მუხლჩაუხრელად, მრავალი საათი იდგნენ უდიდეს რიგში იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ მათი სულიერი მამისთვის და ეს იყო ერთიანობის ზეიმი“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, როდესაც ქართველი ერი ერთიანია, ხარობენ  მათი სულები, ვინც 35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ნათლად განსაზღვრა და მკაფიო თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი.

„ჩვენ ამაყები ვართ, როდესაც ვხედავთ ერთიან, ძლიერ ქართველ ერს და ბუნებრივია, რომ ეს იმედით აღავსებს ჩვენს მომავალ თაობას. ამიტომ, მინდა  ყველას  ვუთხრა, რომ როდესაც საქართველო და ქართველი ერი ერთიანია, ვერასოდეს, ვერავინ ვერც სუვერენიტეტს და ვერც მის ქართულ ინტერესს ვერ დაჩრდილავს. მინდა იმ ვაჟკაცსა და ღირსეულ ადამიანებს, განსაკუთრებით თვალცრემლიან მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც მრავალსაათიან რიგში იდგნენ, ვუთხრა, რომ ისინი ქართული გენით აღვსილი ადამიანები არიან და ვერასოდეს ამ ქართულ გენს და ქართულ სულს ვერანაირი ძალა ვერ ჩაკლავს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.