ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან ერთად, სოფელ დიმში არსებულ სოციალური ინკლუზიის ცენტრს „ალტერა“ ეწვია. სტუმრებმა ცენტრის პირველი სამუშაო დღე, სერვისით მოსარგებლე ბავშვებთან და პირებთან ერთად აღნიშნეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის ახალი სოციალური ინკლუზიის ცენტრი იაპონიის მთავრობის „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ (GGP) ფინანსური მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი მხარდაჭერის გაძლიერებას.
შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველძე დაესწრნენ.
სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ მისი საქმიანობის სპეციფიკას, დაგეგმილ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ახალი სივრცე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და პირებს შესთავაზებს.




