დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის, 1,3 მილიონ ლარამდე ღირებულების ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებასა და თანამშრომელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტროს მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ოთარ ედიშერაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა თეა ბარბაქაძემ მოაწერეს.

“დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც სააგენტოს თანამშრომელთა სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფას, ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერას. თანამშრომლების ფინანსური წახალისება და ადმინისტრაციების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.” აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) მრავალი წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში.