საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე
საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.
„თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის გარდაცვალებას.
თავისი მოღვაწეობით, სიბრძნითა და მეოხებით ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებაზე, ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.
ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია II თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა.
მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს, მის სულიერ შვილებს, გვინარჩუნებდა რწმენას და ყოველდღიურად გვაძლევდა ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულისა და სამშობლოსთვის თავდადების ნათელ მაგალითს.
ილია II-ის სულის პატივსაცემად ჩვენ ერთობლივი ძალებითა და შემართებით უნდა შევძლოთ ყველა სირთულის დაძლევა და გავაგრძელოთ საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა. მჯერა, მისი სული ჩვენს სამშობლოს მფარველ ანგელოზად მოევლინება. დიდება მის ხსოვნას!” - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.




