„მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ეს ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს, მთელს საქრისტიანოს. ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ განაცხადა.
ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელს საქართველოს. ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება. მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ მის ეპოქაში გაიარა, მისი აღზრდილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს. იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და ლოცვა გაგრძელდება და განაპირობებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის სიყვარულს, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები ყველას შეგვეწიოს“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.




