საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მინისტრის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში უმაღლესი განათლების განვითარებაში, ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და მრავალეთნიკური საზოგადოების გაძლიერებაში.
გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღების კვოტების გადანაწილება, სტუდენტთა მობილობა და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.




