4 ოქტომბერს ვიხილეთ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, პოლიტიკური ავანტიურა ვიხილეთ. ამავე დროს ვხედავთ, რომ „რუსული რეჟიმი“ ამ დღეს ერთი მხრივ, საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, ხოლო მეორე მხრივ, 4 ოქტომბრის სამწუხარო და ტრაგიკულ განვითარებას იყენებს, რომ ის რუსული ავტოკრატია ჩააცემენტოს, რომელსაც ამ დროის განმავლობაში აშენებდა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენები იყო ავანტიურა, უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური შეცდომა.
„ე.წ. პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ დაკავებულთა წრე გაიზრდება. მყარად ვარ დარწმუნებული, ეს რეჟიმი მამათა მიერ დაშვებულ ძალიან მძიმე შეცდომას გაიმეორებს, რომ ადამიანები დევნოს და საკუთარი რუსული პროპაგანდა გაამყაროს. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ავანტიურა, ეს იყო უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური შეცდომა. ეს ჩემთვის უპასუხისმგებლობის გამოხატულებაა. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც ადამიანებს მსგავს ფორმატში ჩართულობისკენ მოუწოდებდა ისე, რომ აი, ეს რაღაცა ყბადაღებული გეგმა არც კი ჰქონდა გააზრებული. ახლაც ვერ გავიგეთ, ვისი გეგმა იყო და სად ჩაუვარდათ. ეს არ არის პასუხისმგებლობის ის სტანდარტი, რაც მართებს ადამიანს, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმს ებრძვის“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება, რომ არასწორი მოწოდება გააკეთა და ადამიანებს მოუწოდა, არ გამოეყენებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
„კატასტროფული შეცდომა იყო, როგორც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, აგრეთვე ყველა იმ პარტიისა თუ აქტორის მხრიდან, ვინც ბოიკოტს მიემხრო. ჩვენ შეგვეძლო, სულ ცოტა, ამ ქალაქში დამაჯერებელი გამარჯვება მოგვეპოვებინა, რომლის ფარგლებშიც კახა კალაძეს 37% , ხოლო ოპოზიციურ ძალებს 60%-მდე გვექნებოდა. შესაბამისად, დიახ, მე სალომე ზურაბიშვილსა და ყველა იმ აქტორს, ვინც ბოიკოტს მიემხრო, ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ადამიანებს არჩევნებზე არმისვლისკენ მოუწოდეს. 4 ოქტომბრის მოვლენებს რაც შეეხება, იქ სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ, რადგან ის მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობდა, ისევე როგორც იქ მისული მოსახლეობის 99,9 %პროცენტი არაფერში არ ყოფილა ჩართული, გარდა მშვიდობიანი პროტესტისა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.