„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას“, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლს.
„ქართველი ერის სულიერი გამარჯვების ამ დიდ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლი. მისი სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში. ჩვენი პატრიარქის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას - ერთიანობით, რწმენითა და ღირსებით ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაზე. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მარად დარჩება ჩვენი ერის სულიერ საყრდენად და გზამკვლევად.“
სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.




