სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას. მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
"ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.
უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
საუკუნოდ იყოს მისი ხსენება." - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.




