აბანოთუბანში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და საქართველოში აზერბაიჯანელების უხუცესთა საბჭოს ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი კერძების, ტკბილეულისა და სუვენირების პავილიონები. გაიმართა მუსიკალური წარმოდგენებიც. 

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აბანოთუბანში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა, მოგილოცოთ გაზაფხულის დასაწყისის, სიცოცხლის განახლების, სიკეთისა და სიმტკიცის დღესასწაული. ეს დღე ჩვენთვის არ არის მხოლოდ ერთი ეთნიკური ჯგუფის დღესასწაული, ეს საერთო დღესასწაულია, რადგან თბილისი საუკუნეების განმავლობაში გამოირჩეოდა ტოლერატობით მრავალფეროვნებისადმი და სხვადასხვა რელიგიებისადმი პატივისცემით. თბილისი არის ისტორიული ქალაქი, რომელიც გვაერთიანებს და საუკუნეებია ჩვენი თანაცხოვრება მშვიდობიანი და მეგობრულია. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის აღმშენებლობაში იღებთ განსაკუთრებულ მონაწილეობას, ასევე, ჩვენი კულტურული თუ საზოგადოების ცხოვრების განვითარებაში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს. გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას. მინდა, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ვუსურვო დოვლათი და ბარაქა“, - განაცხადა კახა აბულაძემ.  

აბანოთუბანში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ელჩები, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.