კახი კალაძე ნამდვილად უალტერნატივო კანდიდატურაა დედაქალაქის მერობისთვის, რომელიც დარწმუნებული ვართ, ძალიან დიდ წარმატებას მოიპოვებს. ეს არის მერი, რომელიც გამოირჩევა მყარი მენეჯმენტით, დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, "ქართული ოცნების" მიერ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ბითაძის თქმით, კალაძის მმართველობის დროს, დედაქალაქი დინამიკურად ვითარდებოდა, ამასთან, არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ვიხილეთ. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მოქმედი მერის თანმიმდევრული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკა, მომავალში დიდ შედეგებს მოუტანს დედაქალაქს.
"მისი მმართველობის დროს, ჩვენ ვიხილეთ დედაქალაქის დინამიკური განვითარების ტემპი, რა დროსაც არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განვითარდა. სატრანსპორტო პოლიტიკა, გამწვანების და გარემოს დაცვის პოლიტიკა, ასევე სწორი ურბანული პოლიტიკა - ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებები იყო, სადაც კახი კალაძემ საკუთარი ხელი დაატყო დედაქალაქს. დღეს, პრაქტუიკულად, დედაქალაქი რადიკალურად განსხვავდება თბილისისგან, რომელიც ჩვენ 10 წლის წინ გვახსოვს. შესაბამისად, კახი კალაძის კანდიდატურა, დიდი იმედი გაქვს, რომ პირველ ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და რეალურად, ის თანმიმდევრული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც მისი მენეჯმენტის ქვეშ განხორციელდება, მომავალში დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქალაქს." - განაცხადა მაია ბითაძემ.