აი, კელაპტარს რომ დაანთებ ლოცვის დროს და დაგიდნება, ასე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში ჩვენი უწმინდესი" - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ განაცხადა. 

"რამდენი წელი მასთან გავატარე და არასდროს არ მახსოვს უწმინდესს ვინმე გალანძღოს, ვიღაცაზე აუგი ეთქვას. მისი მაგინებლები და მლანძღველები. როცა ისმენდა ხოლმე ტელევიზიით რასაც მასზე ამბობდნენ, სულ მეუბნებოდა, მამაო ამათი სახელები ჩაიწერე... 

იყო შემთხვევა, ტრაპეზზე ვისხედით და ტელევიზიით, ორნი ისხდნენ და ლანძღავდნენ უწმინდესს, პულტით გადავრთე, რომ უწმინდესს არ ესმინა გადმორთეო, უნდა ვუყუროო, ნახევარი საათი უყურა როგორ ლანძღავდნენ მას, საშინელ სიტყვებს იძახდა უწმინდესზე, რომ დამთავრდა ტრაპეზი,მითხრა სახელები ჩაიწერეო... 

ვიფიქრე, ჩემნაირი ადამიანი სხვანაირად ვერ იფიქრებდი, ხვალ მიადგება, ამბიონზე ამათ გალანძღავს, გათათხავს, როგორ გამიბედეს... ამას ჩემს გუნებაში ვფიქრობ და უცებ თმაზე მომკიდა ხელი და უწმინდესი მეუბნება, ეგ მაგიტომ კი არ გითხარი... ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და  ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ ამათი სულები არ დაიღუპოს, რადგან მე ამათი სულები ჩამაბარა ღმერთმა, მე მათი პატრიარქი ვარო" - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.