სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ. 
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება." - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.