გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება ცენტრის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა.
„გარემოსდაცვითი საკითხები და ჯანსაღი ეკოსისტემა პირდაპირ კავშირშია მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან. მოხარული ვართ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და მზად ვართ, ერთობლივი პროექტებით კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ბავშვთა უფლებებისა და მათი ჯანსაღი გარემოს დაცვისკენ მიმართული აქტივობები“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, კლიმატის ცვლილების, ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს. ხაზი გაესვა ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის (Children Environmental Health) მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.
როგორც იზაბელა კასტროჯოვანმა აღინიშნა, გარემოსდაცვითი საკითხები, კლიმატის ცვლილება და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა იმ სფეროებს შორისაა, სადაც თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანდაცვის ოფიცერი ნინო ძოწენიძე ესწრებოდნენ.




