საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2.3 მილიონ აშშ დოლარს.

მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მოპოვებული თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების მეშვეობით, საქართველოს საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე, ასევე სამორინეებსა და კაზინოებში, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული 1 146 748 აშშ დოლარი ბალანსის შესავსებად განათავსა.

უკანონო შემოსავლის ლეგალურ ფინანსურ ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით, ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც აზარტული თამაშების შედეგად მიღებული მოგება და თანხის სახეცვლილი ნაწილი, სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, პირად და დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.