ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის, ციფრული იდენტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე ისაუბრეს.
თამარ ზოდელავამ მონაწილეებს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საჯარო ინფრასტრუქტურის როლზე თანამედროვე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში და ხაზი გაუსვა უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებული და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ეკოსისტემის მნიშვნელობას.
სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად კომპონენტზე - ციფრულ იდენტობაზე, ციფრულ გადახდებსა და მონაცემთა გაცვლის სისტემებზე. მისი განცხადებით, უსაფრთხო ციფრული იდენტობა მოქალაქეებსა და ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge ინტეგრირებული ციფრული გადახდები სერვისების სრულად ონლაინ მიღებას უზრუნველყოფს.
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი საჯარო მმართველობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა. ფორუმის მასპინძლობა საქართველოს მიერ საჯარო სერვისებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ლი ჯუნჰუამ გახსნეს.




