სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

გეკა გელაძემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას.