თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში  სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგი  გაიარეს.

აღნიშნული კურსი საჯარო მოხელეების პროფესიულ ზრდას, კომპეტენციების კიდევ უფრო ამაღლებას და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეფექტიანი ზედამხედველობისთვის საჭირო უნარების გაძლიერებას  ისახავდა მიზნად.

კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა სასერტიფიკატო გამოცდა გაიარეს. მიღებული შედეგების საფუძველზე კომისიის წევრებს  კურსის დასრულებისა და წარმატებული მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, სარევიზიო კომისიის წევრი  ცოტნე ჩიქვინიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, მიხეილ დუნდუა  და ცოტნე ყავლაშვილი და აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე ესწრებოდნენ.

სასწავლო პროგრამა, რომელიც 27 საათს მოიცავდა, 11 სამუშაო შეხვედრისგან შედგებოდა. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს შესყიდვების სისტემის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, მათ შორის შესყიდვების დაგეგმვა, ბაზრის კვლევა, ხელშეკრულებების მართვა და დავების საბჭოს ფუნქციონირების პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროკავშირის (EU) დირექტივების შედარებით ანალიზს ადგილობრივ კანონმდებლობასთან მიმართებით.

 სასწავლო პროცესს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი უძღვებოდა. სწავლება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც რეალურ შემთხვევებზე მუშაობასა და პრაქტიკული ინსტრუმენტების ათვისებას გულისხმობდა.

მიღებული ცოდნა თანამშრომლებს მუნიციპალური შესყიდვებისა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი განკარგვის მონიტორინგის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების საშუალებას მისცემს.