საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„ერთობლივმა კომისიამ იმსჯელა იმ მნიშვნელოვან  საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ტყის მართვას. ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ყველა ის საკითხი, რაც აქტუალურია და განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები და ერთობლივად იმართოს ჩვენი ქვეყნის უნიკალური რესურსი, ჩვენი ტყე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ტყის რესურსების დაცვასა და მოვლაში.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რამეთუ ტყე წარმოადგენს ჩვენ სტრატეგიულ რესურსს, ეროვნულ ღირებულებას. ისტორიულად,  ბევრი ეკლესია- მონასტერია განლაგებული ტყეში. დღეს ხდება სამონასტრო ცხოვრების აღდგენის პროცესი  და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ ერთ დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ ის  არეალი, რომელშიც ჩვენმა წინაპარმა  სიწმინდეს დაუდო სათავე, იყოს ლოცვის  ადგილი და სიწმინდე იყოს სწორად დაცული, იმ მოთხოვნების ფარგლებში, რომელიც გააჩნია დღევანდელობას იქნება სახელმწიფოებრივი თუ საეკლესიო თვალსაზრისით“, - განაცხადა გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ.

ტყის მართვის ერთობლივი კომისია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედებს და მისი მიზანია ტყის რესურსების პასუხისმგებლიანი და მდგრადი მართვის ხელშეწყობა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები  ესწრებოდნენ.