საქართველოში ირანის ელჩი, ალი მუჯანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი.
„რამდენიმე წუთის წინ ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი; პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში.
ირანელი ხალხისთვისაც მისი სახელი უკავშირდება რელიგიათაშორის და ცივილიზაციათაშორის მეგობრობასა და დიალოგს. მისმა ისტორიულმა ვიზიტმა ირანში და შეხვედრამ ირანის ისლამური რესპუბლიკის აწ გარდაცვლილ სულიერ ლიდერთან, აიათოლა სეიედ ალი ხამენეისთან, აგრეთვე გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან, ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა; ფურცელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რწმენასა და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობაზე.
ილია მეორე დარჩება საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში როგორც რწმენის, იდენტობისა და ურთიერთთანადგომის ხმა. ამ მძიმე დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და მის ყველა გულშემატკივარს. ვევედრები უზენაესს, რომ დიდი სულიერი წინამძღოლის სულს საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს“, - აღნიშნულია ელჩის მიერ გავრცელებულ წერილში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.




