პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს. ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს მიუძღვნა:
„49 წლის განმავლობაში იყო ილია II ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო“ - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
სუბარის სიტყვებით, დღეს დროა, რომ მთელმა საქართველომ ილოცოს ილია მეორის სულისთვის.
„უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს სულს, უწმინდესო და უნეტარესო! 49 წლის განმავლობაში იყო ილია II ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში შეძლო ქართველების დაბრუნება რწმენაში და ერის გაერთიანება ეკლესიის გარშემო, შექმნა ეპოქა, რომელიც გრძელდება მისი მარადისობაში გადასვლის შემდეგაც და არასდროს დასრულდება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მთელი ცხოვრება ილოცა და იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად და საქართველოს ქრისტეს გზაზე დასაბრუნებლად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია — სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის. უფალმა ჩაიბაროს მისი წმინდა სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მშვიდობით განისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ! თქვენი ლოცვა არ მოჰკლებოდეს საქართველოს!“ - წერს სოზარ სუბარი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.




