კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს საქართველოს.

 "მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომლის ცხოვრებაც ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.

თავისი პატრიარქალური მსახურების მრავალი ათწლეულის განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის სულიერ წინამძღოლად რჩებოდა, ცდილობდა რწმენის განმტკიცებას, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სულიერ განახლებას სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.

ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიან შემოჭრას განიცდის.
პატრიარქ ილია II-ის ფიგურა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა განსაცდელების დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით რუსი დამპყრობლების მიერ პროვოცირებული ომების დროს.
გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამაც იყო.
ვლოცულობთ, რომ ჩვენმა მამამ თავისი მსახური თავის ზეციურ სამყოფელში მიიღოს. უფალმა თავის სამეფოში გაანათლოს ახლად გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სული და ნუგეში, სიმშვიდე და სულიერი ძლიერება მიანიჭოს ყველას, ვინც ამ დანაკარგს გლოვობს. მარადიული და ნათელი ხსოვნა მას!" - წერს იევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში". 


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.