ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ქარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გააცნეს.
პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება სარწყავი წყლის მიწოდების ეფექტიანობა, გაუმჯობესდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და გაფართოვდება სარწყავი ფართობები, რაც აგროსექტორის განვითარებასა და ფერმერების შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
პროექტის პრეზენტაციას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სამელიორაციო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს.
„მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი რეგიონებისთვის, როგორიც შიდა ქართლია. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროსექტორის განვითარებას. ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება სარწყავი ფართობები და გაუმჯობესდება წყლის მიწოდების ხარისხი“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
ტაშისკარის სარწყავი სისტემა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დაახლეობით 7000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების სრული რეაბილიტაცია, მაგისტრალური არხის გამტარუნარიანობის გაზრდა, თამარაშენის არხის განახლება და 3120 ჰექტარზე გამანაწილებელი ქსელის მოდერნიზაცია. ასევე მოეწყობა თანამედროვე ნატანდამჭერი გისოსები, წყალმიმღები აუზები ფერმერების სატუმბი სისტემებისთვის, არხის გამშვებები აღიჭურვება SCADA სისტემით და დამონტაჟდება 84 წყალმზომი სადგური.
პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში. მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიწების სამელიორაციო მდგომარეობა და მცირე ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა, უფრო მაღალი მოსავლიანობის მქონე კულტურები აწარმოონ.




