ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ! ოცნება რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა. კითხვებზე  პასუხი უნდა გეცა,  ისარგებლა გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით და  უბრალოდ კიდევ ერთხელ დაიმალა! - ამის შესახებ არტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

"გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზედაც აგებულია 2024 წლის საარჩევნო სტრატეგია.

სააკაშვილი ამ სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რომელსაც ის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეფექტიანად იყენებდა წარსულშიც (მაგ. 2021 წელს) და იმავეს გაკეთებას ცდილობს 2024 წლის არჩევნებისთვისაც.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ გუშინდელ შეკითხვას: რატომ არღვევს „ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობას და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ატარებინებს ნაციონალების გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების პოლიტიკურ კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუკი ის იმდენად ჯანმრთელია, რომ ამის ენერგია და შემართება აქვს, რატომ არ არის ის თანაბარ პირობებში სხვა პატიმრებთან? და რატომ არ გადაგყავთ საპატიმრო დაწესებულებაში!

ახლა დღევანდელი კითხვა: დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 განმავლობაში ემკურნალა?

დაგვისახელეთ პატიმარი, რომელსაც საშუალება მიეცა და სასამართლო პროცესები გამოეყენა პარტიული აგიტაციისთვის? 

დაგვისახელეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სარგებლობს ან ოდესმე უსარგებლია მსგავსი პრივილეგიებით?

ეს კითხვა ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, პირველ რიგში, თქვენი - „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც და, ჩვენ თუ არა, იქნებ, მათ მაინც უპასუხოთ, როდემდე აპირებთ მათ შეშინებას და შანტაჟს სააკაშვილით, როდემდე აპირებთ იგი გყავდეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ეხმარებოდეთ დაშლილი ნაცების გაერთიანებაში.

გამოდით და გაგვეცით პასუხი, ნუ იმალებით! " - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.