84 მომხრე - 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტი ვეტო დაძლია და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო

მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.

„კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, -  განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. როგორც მან აღნიშნა, მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია -  უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დაწესდეს უფრო მაღალი სტანდარტი,  აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც შესაძლებელია არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები. 

„ჩემი აზრით, ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ, პარლამენტმა ხვალინდელ სხდომაზე უარი უნდა თქვას ვეტოს დაძლევაზე, მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს ვეტოს დაძლევა. შესაბამისად, გაჩნდება სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე აზრით, პრეზიდენტს უნდა წარედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც  დისკუსიის სივრცეს გააჩენდა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ საკითხის შინაარსობრივი განხილვა არ უნდა მოხდეს.

„სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ის, რაც ჩვენ დღეს  ვიხილეთ - თურმე უნდა წარმოადგინოს საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე. ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. მაქსიმალურად კორექტული ვიყავით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი, საქმიანი განხილვა და ვიღებდით შეურაცხყოფას. პრეზიდენტის წარმომადგენელმა უკადრებელი იკადრა და ამასთან დაკავშირებით როდესაც დავსვით კონკრეტული შეკითხვები იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოებისთვის  პასუხები გაეცა. ამიტომ,  ეს დღე ნამდვილად იქნება სამარცხვინო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია “, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.

პარლამენტის ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც  პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.

შეგახსენებთ,  საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.