თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.

ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
 
„საუნივერსიტეტო კლინიკის მულტიფუნქციური სივრცე – სტაციონარი, სხვადასხვა განყოფილება, თერაპიული, სარეაბილიტაციო თუ სასწავლო ნაწილი – ერთიანობაში შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა გაეწიოთ. აქ ერთ სივრცეში გაერთიანდება განათლება, კვლევა და კლინიკური პრაქტიკა, რაც თანამედროვე საუნივერსიტეტო მედიცინის განვითარების მთავარ წინაპირობას ქმნის.
 
მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობას განახორციელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების აკადემიური პერსონალი. სწორედ მათი პროფესიონალიზმის, მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, ეთიკისა და საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული გამოცდილების შედეგად, კლინიკის ბაზაზე მომზადდებიან კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტები.
 
მჯერა, ეს პროექტი მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს და  გამორჩეულ წვლილს შეიტანს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.
 
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას.
 
საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, სხვადასხვა სტაციონარული განყოფილებით. ესენია: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი, დუალური ნოზოლოგიის, ნარკოლოგიური დეტოქსიკაციისა და სარეაბილიტაციო განყოფილებები.
 
ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა თსსუ-ის საგანმანათლებლო და კლინიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სივრცე პაციენტებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და სამკურნალო მომსახურებას სთავაზობს. პაციენტებისთვის მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ახალი კლინიკა წარმოადგენს სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.
 
პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.
 
საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურული პროექტისა და აღჭურვის ღირებულება ჯამში 20 მილიონზე მეტია.