ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე კარნერს და World Vision-ის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ World Vision-თან თანამშრომლობით მომზადებულ იმ გეგმაზე ისაუბრეს, რომლის მიზანი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ აღსრულებაზე მონიტორინგია.
„ავსტრიის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს World Vision-ის იმ პროექტს, რომლის ფარგლებში საპარლამენტო საბჭომ, World Vision-თან თანამშრომლობით,  „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ აღსრულებაზე მონიტორინგის გეგმა და ინდიკატორები შეიმუშავა. საპარლამენტო საბჭო და World Vision, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, განვახორციელებთ ცნობიერების ამაღლების კამპანიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე, მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე“, - განაცხადა ბაია კვიციანმა შეხვედრის შემდეგ.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების უფლებების მეტად რეალიზებასა და მათი ოჯახების გაძლიერებას.