თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ფერმერები საძოვრის უკან დაბრუნებას ითხოვენ. აქცია იმ ლოკაციაზე ჩატარდა, სადაც გასხვისებულ მიწაზე, კერძო პირი საცხოვრებელ სახლს აშენებს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მიწების მითვისება თაღლითურად მოხდა და მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში სამშენებლო ტექნიკის დაზიანებით იმუქრებიან. 

"ამ ადგილს სოფელი იყენებდა საძოვრებად და ამავდროულად, დასასვენებლად. არ ვიცით, რა გზით, საძოვრებად გამოყენებული მიწები დარეგისტრირდა კერძო პირებზე, როგორც სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების და შემდეგ გაიყიდა სხვა პირზე. გამოდის უნდა საქონელი გავწყვიტოთ, ბავშვები ვაშიმშილოთ და გადავსახლდეთ. ეს საძოვარიც არის და დასასვენებელი ადგილიც. გაყალბდა დოკუმენტი, მიწა ფიქციურად გადაიყიდა რამდენიმე პირზე და ტერიტორიაზე ახლა კერძო მფლობელი სახლს აშენებს. ჩვენ იძულებულები გავხდებით, როგორც ლოპოტაზეც და პანკისში გააკეთეს, ტექნიკა დავწვათ. აუცილებლად ციხეში უნდა წავიდე? ვითხოვთ გააუქმონ გაცემული ნებართვა"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

კერძო პირი, რომელიც საძოვრების ადგილას საცხოვრებელ სახლს აშენებს, აცხადებს, რომ მიწა საჯარო რეესტრში აქვს დარეგისტრირებული. ,,აიპრესი,, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

,,ეს კონკრეტული ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს. მარტივად მოწმდება ეს ამბავი საკადასტრო კოდებითაც. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა საძოვრებზე არ გაცემულა.,, - განაცხადეს უწყებაში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საქმეში ძალოვანი სტრუქტურების ჩართვას და მიწის მითვისების პროცესის გამოძიებას ითხოვენ.